თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა მე-14 საერთაშორისო სიმპოზიუმი ფიზიკურ და ანალიზურ ქიმიაში (ASPAC 2025), რომელშიც 60-მდე უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნიდან. სიმპოზიუმი 2009 წლიდან იმართება და თავს უყრის წამყვან მკვლევრებს, პრაქტიკოსებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან.
„მეცნიერების პროგრესი წარმოუდგენელია კოოპერაციისა და ცოდნის გაცვლის გარეშე. ეს სიმპოზიუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა იდეების გაზიარებისთვის, სამეცნიერო კოლაბორაციის ჩამოყალიბებისთვის და ახალი პერსპექტივების დაგეგმვისთვის. ეს კი აუცილებელია მეცნიერების პროგრესის მხარდაჭერისთვის,“- განაცხადა თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა პეტრე ბაბილუამ.
„წლების განმავლობაში სიმპოზიუმი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ როგორც გამოცდილმა და ცნობილმა მეცნიერებმა, ასევე, ახალგაზრდა მკვლევრებმა მიიღონ უახლესი ინფორმაცია სფეროში მიმდინარე კვლევებზე, სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე და მათი გამოყენების საუკეთესო გზებზე. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ეს ღონისძიება ძალიან სასარგებლო და კონსტრუქციულია ამ დარგის სპეციალისტებისთვის,“- აღნიშნა კელნის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორმა მარიო ტევისმა.
თსუ პროფესორის, ფიზიკური და ანალიზური ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელის ბეჟან ჭანკვეტაძის თქმით, „ღონისძიების მიზანია ფიზიკური და ანალიზური ქიმიის უახლესი მიღწევების გაზიარება, არსებული გამოწვევების განხილვა მულტიდისიპლინარულ ჭრილში და ინოვაციური სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობა.“
სიმპოზიუმში მონაწილე მეცნიერთა უმრავლესობა წლებია მჭიდროდ თანამშრომლობენ თსუ ქიმიის დეპარტამენტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრასთან. კონფერენცია ასევე მასპინძლობს ქართველ ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც სამეცნიერო საქმიანობას უცხოეთში აგრძელებენ, ასევე სხვადასხვა გაცვლითი პროგრამების მონაწილე უცხოელ მეცნიერებს, რომლებმაც თავიანთი კვლევის ნაწილი თსუ-ს ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრაზე განახორციელეს.
საერთაშორისო ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მეცნიერების ინტერნაციონალურ ბუნებას და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან როლს, რაც ხელს უწყობს თსუ-ს, როგორც ძლიერი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრის პოზიციონირებას გლობალურ აკადემიურ სივრცეში.
სიმპოზიუმი სამი დღე გაგრძელდება. მისი თანაორგანიზატორი და თანასპონსორი თსუ-სთან ერთად არის ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაცია.